Just another free Blogger theme

პროექტზე მუშაობდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

суббота, 13 февраля 2016 г.

ზოგს ჰგონია, რომ ჩვენი ადგილი აზიაშია, ჩვენ კი ყველას გვსურს, რომ აზიასთანაც ვიმეზობლოთ, მაგრამ ევროპის განუყრელი ნაწილი ვიყოთ. ჩვენ დიდი ხანია გვსურს, რომ ევროპა იყოს ჩვენს ოჯახში და ჩვენც ევროპულ ოჯახში ვიყოთ. ჯერ კიდევ სამი საუკუნის წინ სულხან საბამ იმოგზაურა ევროპაში, თხოვდა იქაურ მონარქებს, გულთან მიეტანათ საქართველოს გასაჭირი, მაგრამ მაშინ მისი ვედრება ყურად არ იღეს... მაშინ ძალიან ძნელი იყო ევროპისთვის მიგვეწვდინა ჩვენი ხმა, დღეს კი კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით ეს იოლი შესაძლებელია.

ქართლის მეფე ვახტანგ VI საკმაოდ რთულ პირობებში უწევდა მოღვაწეობა. ორი დიდი იმპერია: ირანი და ოსმალეთი დიდ საფრთხეს უქმნიდა საქართველოს მომავალს. საჭირო იყო ენერგიული ბრძოლა ქართველობისათვის.
ვახტანგის თაოსნობით ჩამოყალიბდა კულტურულ-პოლიტიკურ მოღვაწეთა ძლიერი დასი, რომელშიც დამპყრობელთა წინააღმდეგ ენერგიული იდეური ბრძოლა წამოიწყო. მათ მიზნად დაისახეს ქართველ ხალხში ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება და ქვეყნის მომზადება ახალი გადამწყვეტი ბრძოლისათვის. ამ საქმიანობაში ვახტანგს გვერდით ედგა მისი აღმზრდელი და თანამებრძოლი სულხან-საბა ორბელიანი.
ვახტანგ VI -მ პოლიტიკური მოკავშირის ძიება დაიწყო ევროპაში. ფრანგი მისიონერები იმ პერიოდის საქართველოში მრავლად იყვნენ. მათი მეშვეობით საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს აქვს ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ვახტანგ VI- მ გადაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება საფრანგეთთან. სწორედ ამ მისიით 1713 წელს იანვარში სულხან-საბა გაემგზავრა საფრანგეთში. 1714წ იგი მარსელში ჩავიდა. აქ იგი შეხვდა ქალაქის მერს - შარლ კუსტანს და გალერებისა და ვაჭრობის ინტენდანტ პიერ დ არნუსთან. წამოაყენეს საკითხი საფრანგეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შესახებ.
1714 წლის აპრილში სულხან-საბას უკვე ჰქონდა პირველი აუდიენცია მეფე ლუი XIV-სთან. მას დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია საფრანგეთის სამეფო კარზე.
ლუი XIV-ს წარედგინა მემორანდუმი, რომელშიც გადმოცემული იყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის მომავალი ურთიერთობის პერსპექტივები. ქართველი პოლიტიკოსები მზად იყვნენ ხელი შეეწყოთ კათოლიკობის გავრცელებისთვის საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში, ასევე მზად იყვნენ დაემყარებინათ სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა საფრანგეთსა და ევროპის ქვეყნებთან. მემორანდუმში ვრცლად იყო განხილული საკითხი ევროპიდან აზიაში მიმავალი სავაჭრო გზის შესახებ, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაევლო. ეს გზა იქნებოდა ყველაზე მოკლე და ყველაზე მომგებიანი.
სულხან-საბამ პარიზში ყოფნისას რომის პაპისაგან მიიღო მეფე ლუი XIV-ისადმი გადასაცემად წერილი,რომელშიც რომის პაპი კლიმენტი XI მოუწოდებდა საფრანგეთის “უავგუსტოეს“ ხელმწიფეს თავის მფარველობაში მიეღო საქართველოს მეფე და ხელი შეეწყო მისი საქართველოში ქრისტიანობით დაბრუნებისთვის. ეს წერილი სულხან-საბამ საფრანგეთის მეფეს გადასცა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. საქმე იმაში იყო, რომ 1714 წ. პარიზში ჩავიდა ირანის ელჩი მუჰამედ რეზა, რამაც უთუოდ შეაფერხა ამ საკითხის საქართველოსათვის ხელსაყრელად გადაჭრა.
1715 წ. სექტემბერში ლუი XIV მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებული ყველა საკითხი შეჩერდა. 1716 წელს სულხან-საბა საქართველოში დაბრუნდა.
ევროპიდან დახმარების იმედი ვახტანგ VI-ს გადაეწურა. იგი იძულებული გახდა ტახტის შესანარჩუნებლად ფორმალურად მიეღო მაჰმადიანობა.
„მუსლიმანი მეფეების“ ეპოქაში გამრავლდნენ კათოლიკე მისიონერები საქართველოში. მათ საკმაოდ გულთბილად ხვდებოდნენ, აძლევდნენ თავისუფალი პროპაგანდისა და ვაჭრობის უფლებას. კათალიკოსი დომენტი იმაზეც თანახმა იყო, რომ პაპის უზენაესობა ეცნო და რომის ტაძრისათვის დაეკრა თავი, ხოლო სულხან-საბა აშკარად გადავიდა “ფრანგულ“ სარწმუნოებაზე.
როგორც მ. ქავთარია აღნიშნავს, „სამეცნიერო ლიტერატურაში საბას გაკათოლიკების თარიღის შესახებ ერთსულოვნება არ სუფევს. ეს შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ქართულ წყაროებს არავითარი ცნობა არ დაუცავს ამის შესახებ. ეს უთუოდ სიმპტომატურია. მხოლოდ ლათინური წყაროებია შემორჩენილი და მათი გაგება-კვალიფიკაციაც სხვადასხვანაირია.
მიხეილ თამარაშვილის მონაცემების მიხედვით, საბას გაკათოლიკების ოთხი თარიღი ჩანს: 1687, 1692, 1694, 1701“
"თამარაშვილისეული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება, რადგან:
1.1698წელს სულხან-საბა უკვე მონაზონია
2.სულხან-საბა მონაზვნად შედგა დავით გარეჯის მონასტერში,უდავოა იქ სხვა აღმსარებლობის ადამიანს არც მიიღებდნენ და ვერც მივიდოდა“

სულხან-საბას ელჩობის მთავარი მიზანი ირანში მყოფი ვახტანგის გამოსახსნელად ევროპის სახელმწიფოთა დახმარების მიღება იყო. იგი რომის პაპს შაჰის წინაშე შუამდგომლობას და ფულად დახმარებას თხოვდა. ეს ფულიც იმავე მიზნისთვის იყო საჭირო, რათა შაჰის კარი მოექრთამათ ვახტანგის დასახსნელად. პარიზში კი შორეული ქრისტიანი მეფის ბედი სრულებითაც არ აწუხებდათ. მაშინ საფრანგეთის მთავრობას აღმოსავლეთში ირანისა და თურქეთის ბაზრები აინტერესებდა. ირან-საფრანგეთის 1707 წლის სავაჭრო ხელშეკრულების რატიფიკაცია წინასწარ გამორიცხულა საბას ელჩობის წარმატებას ლუი XVI-ის კარზე.
ცნობილი ქართველი მოღვაწის, მწერლის, მეცნიერისა და დიპლომატის სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მისია ევროპაში და მისი შედეგები ისტორიკოსებისათვის დღემდე კვლევის საგანია. ამ ელჩობას საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ - დასავლეთ ევროპა თუ რუსეთი.
ფრანგი ჟან რიშარი, რომელიც საფრანგეთიდან აღმოსავლეთის ქვეყნებში სამისიონერო მოღვაწეობისათვის ჩამოვიდა, გაეცნო ქართლში ქრისტიანული რელიგიის მდგომარეობას, დარწმუნდა ვახტანგისა და სულხან-საბას რწმენის სიმტკიცეში და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თუ რომი და პარიზი ფიქრობდნენ კათოლიციზმის გავრცელებას აღმოსავლეთში, საქართველოზე უკეთეს დასაყრდენს ვერ ნახავდნენ. სწორედ ჟან რიშარის დიდი ხელშეწყობით სულხან-საბა გაემგზავრა ევროპაში.
სულხან-საბა ლუი XIV – სთან მიდიოდა კონკრეტული პროექტით, რომლის თანახმადაც კათოლიკური სარწმუნოება შეიძლებოდა გავრცელებულიყო მჭიდროდ დასახლებულ დაახლოებით 24 პროვინციასა და მრავალ მეზობელ სამფლობელოში. მაგრამ ამისთვის აუცილებელი იყო ვახტანგის დაბრუნება სპარსეთიდან საქართველოში გამაჰმადიანების გარეშე. სულხან-საბა ითხოვდა საქმეში საფრანგეთის ელჩის ჩარევას. სულხან-საბა საფრანგეთის მეფეს სთხოვდა ფულს, რომელიც აუცილებელი იყო ვახტანგის განსათავისუფლებლად. “300 ათასი ეკიუ აუცილებელია და საკმარისი“- ეწერა პროექტში.

„მოგზაურობის“ წიგნში ავტორს დაკვირვებით აქვს აღწერილი განცდილი და ნახული. ავტორი მკითხველს საგანგებოდ აფრთხილებს: „რაც არ მინახავს, არ დავსწერო“. ავტორის აზრით, „გრძელი ამბავი თავის საწყენია“, ამიტომაც აღწერილობა მოკლედ და სხარტადაა გადმოცემული. ავტორი შენიშნავს: „ჰრომი ასეთია, ასს წელს სულ იაროს კაცმა, მისს საკვირველებას ვერც გაუვიდეს, ვერც დაასრულოს“.

სულხან–საბა უმთავრესად ეკლესია–მონასტრებსა და სასულიერო დაწესებულებებს ათვალიერებდა, ამიტომ „მოგზაურობაში“ მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ ეკლესია–მონასტრების აღწერას უკავია. სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ფონზე სულხან–საბა საუბრობს ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ჰავაზე, მოსახლეობის საქმიანობაზე, საყოფაცხოვრებო მხარეებზე, პოლიტიკური წყობილების ფორმაზე, მმართველობის წესებზე და ა.შ.

შედარებით უფრო დაწვრილებით აღწერს სულხან–საბა სამხრეთ იტალიას. აღწერილია ზღვა, ძლიერი ქარების ქროლვა, ბუნება, ჰავა...

მოგზაურობა ევროპაში სულხან–საბა ორბელიანის დღიურების წიგნია, სადაც აღწერილია მწერლის 1713–1716 წწ. მოგზაურობა დასავლეთ ევროპაში. ნაწარმოების სათაური პირობითია (იგი არ არის ავტორისეული, ბეჭდური გამოცემებიდან მომდინარეობს). ნაწარმოების დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი ხელნაწერებიც იშვიათია. მეცნიერთა აზრით, „მოგზაურობის“ ტექსტის დიდი ნაწილი დაკარგულად უნდა ჩაითვალოს.

სულხან–საბას მოგზაურობის მარშრუტი ასეთი იყო: კონსტანტინოპოლი–მარსელი–პარიზი–რომი, აგრეთვე იტალიის სხვა ქალაქები, ბოლოს კონსტანტინოპოლი და თურქეთის გავლით საქართველო. სულხან–საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“ პირველი ნიმუშია ქართული მხატვრულ–დოკუმენტური პროზისა. სულხან–საბამ „მოგზაურობის“ წიგნით ქართულ მწერლობაში მანამდე უცნობი ლიტერატურული ჟანრი დაამკვიდრა. შემდგომ საბას მრავალი მიმდევარი გაუჩნდა: ვახტანგ ორბელიანი, იონა გედევანიშვილი, ტიმოთე გაბაშვილი, გიორგი ავალიშვილი და სხვები.