უძველესი დროიდან ევროპას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის. ჯერ კიდევ სულხან-საბას დროს ცდილობდნენ ქართველები ევროპაში შესვლას.
თუკი საკითხს გეოგრაფიულ ასპექტში განვიხილავთ, საქართველო ევროპისა და აზიის გზის გასაყარზე მდებარეობს, მაგრამ გეოგრაფიულ მდებარეობას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. „ევროპელობა“ აზროვნების, ფასეულობების და ღირებულებათა ერთობლიობაა, რომელიც პირველ რიგში ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ნიშან-თვისებებში გამოიხატება. ევროპელობა დიდი გზაა, რომელიც თავად ევროპაში გეოგრაფიულად მდებარე სახელმწიფოებმა განვლეს, რათა იმისთვის მიეღწიათ, რასაც დღეს წარმოადგენენ.
ევროპა სამართლიანობას, ურთიერთპატივისცემას, ძლიერისგან სუსტის დაცვას ნიშნავს. ჩვენ დიდი ხანია გვსურს, რომ ევროპა იყოს ჩვენს ოჯახში და ჩვენც ვიყოთ ევროპულ ოჯახში, მაგრამ თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ პირველ რიგში საჭიროა ასოცირება საკუთარ თავთან, საკუთარ აზროვნებასთან. იქნებ სულხან-საბას წინ დაკეტილი და დღეს გამოღებული ეს მითოლოგიური კარი სულაც არ არსებობს და ის ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია? იქნებ ჩვენ თავად ავჭედეთ ის დიდი ჟანგიანი კარი ლურსმებით და მარადიულ დარაჯად საბრალო სულხან-საბა მივუჩინეთ, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ევროპა, ისევე როგორც ეს კარი, ჩვენშია? ევროპა მხოლოდ სიმბოლოა და კაპიკია ნებისმიერი გაფორმებული ხელშეკრულება, თუ ყველა ჩვენგანმა არ შეაღო ის მთავარი მისკენ მიმავალი გზა, რადგან ეს გზა პროცესია ჩვენი კულტივირების, ჩვენი განვითარების. ნებისმიერ შემთხვევაში, საერთოდაც რომ აღარ არსებობდეს ევროკავშირი, საქართველოსთვის ამ გზაზე სიარული სიცოცხლე იქნება, შეჩერება კი სიკვდილი.
წელს, 2015 წლის 15 იანვარს,
ხელი მოეწერა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ გვჯერა, რომ გაძლიერდება ჩვენი ქვეყანა და საქართველოც ევროპის სხვა ქვეყნებივით დაცული იქნება და ჩვენც თამამად ვიტყვით : „მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი!’’
0 коммент.:
Отправить комментарий